”დამსაქმებლებო, იზრუნეთ ადამიანებზე!”
26 / 08 / 2014
”მაღალი ტემპერატურის პირობებში მუშაობა, ერთი მხრივ ზიანს აყენებს დასაქმებულის ჯანმრთელობას და საფრთხეს უქმნის მის სიცოცხლეს, ხოლო მეორე მხრივ აუარესებს მდგომარეობას სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების კუთხით: იზრდება ადამიანური შეცდომების, ავარიების და უბედური შემთხვევების ალბათობა, მაგალითად, სარკინიგზო, საავტომობილო, სამშენებლო და სხვა სფეროებში. სწორედ ამიტომ არსებობს საერთაშორისო სტანდარტები ცხელ (და ცივ) პირობებში მუშაობის რეგლამენტირებასთან დაკავშირებით,
სწორედ ამიტომ გამოიცა მთავრობის დადგენილება #69 პრემიერ-მინისტრის ხელმოწერით 2014 წლის 15 იანვარს. რაც შეეხება “სინო ჰიდროს” მენეჯმენტს – ანაზღაურების ფრაგმენტულად გაზრდა მზის მცხუნვარებას ვერაფერს დააკლებს, ჰაერში ჟანგბადის შემცველობას ვერ გაზრდის, ვერც არტერიულ წნევას დაარეგულირებს და ვერც ამ ყველაფრისგან გამოწვეულ ჯანმრთელობის სხვაგვარად გაუარესებას უშველის რამეს. რისკებსა და საფრთხეებზე პასუხი ადეკვატური და თანაზომადი უნდა იყოს! დამსაქმებლებო, კერძო და სახელმწიფო კომპანიების და ორგანიზაციების ხელმძღვანელებო – იზრუნეთ ადამიანებზე, რომელთა წვლილი თქვენი საქმიანობის წარმატებაში უმნიშვნელოვანესია, პატივი ეცით მათ შრომას, დააფასეთ მათი ღირსება. ამგვარი მიდგომა თქვენს ბიზნესს უფრო უსაფრთხოსა და მომგებიანს გახდის” – აცხადებს საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე, გოჩა ალექსანდრია.