გაფიცვა, გაფიცული და შტრეიკბრეხერი
04 / 07 / 2015
წარმოების განვითარება სოციალური პროტესტის გარეშე არ ხდებოდა, გაფიცვები სულ უფრო და უფრო გახშირდა. ევროპის ინდუსტრიალიზაციის გზაზე შემდგარმა სახელმწიფოებმა გაფიცვები კანონითაც კი აკრძალეს (1791 წლის ლე შაპელიეს კანონი საფრანგეთში და 1799 წლის პიტის კანონი ბრიტანეთში), მაგრამ მუშათა კლასის სოციალურმა წინააღმდეგობამ ეს კანონები ისტორიის არქივს გადასცა.თანამედროვე სამყაროში გაფიცვა კანონით პირდაპირ აღარ არის აკრძალული, მაგრამ გაფიცვასთან ბრძოლა ხორციელდება საპირისპირო ქმედებების მთელი კომპლექსით, რომელშიც განსაკუთრებული ადგილი უკავია გაფიცვის ჩამშლელს, რომელსაც გერმანული სიტყვით streikbrecher მოიხსენიებენ.
თუ გაფიცვა გაფიცული მუშის სოციალური, შრომითი, მატერიალური და პროფესიული უფლებებისა და ინტერესების დაცვას ემსახურება, შტრეიკბრეხერი ამ ყოველივეს ზურგში ურტყავს და ანგრევს. საწარმოში გაფიცვის დროს სოციალური პარტნიორობის მიმართ ალერგიულად განწყობილი დამსაქმებელი ახდენს შტრეიკბრეხერთა რეკრუტირებას. მათი რეკრუტირება ხდება როგორც თავად გაფიცულ საწარმოში, ასევე გარეთ, განსაკუთრებით უმუშევრებსა და დეკლასირებულ ელემენტებს შორის. ასე რომ შტრეიკბრეხერი შეიძლება იყოს როგორც „შინაური“, ასევე „გარეულიც“.
საწარმოში გაფიცვისას მუშათა სოციალურ, შრომით, მატერიალურ და პროფესიულ უფლებებსა და ინტერესებს გაფიცულები გამოხატავენ, ისინი საკუთარი ჯანმრთელობისა და პირადი უსაფრთხოების ფასადაც კი დგანან მუშათა საერთო უფლებებისა და ინტერესების განხორციელების ავანგარდში. მათ კი ვინ უპირისპირდება? შტრეიკბრეხერი. ეს შტრეკბრეხერები იკავებენ გაფიცულთა სამუშაო ადგილებს და ხშირად შრომის სიმულაციითაც კი ცდილობენ გაფიცვის დეზორგანიზაციასა და კრახს.
რა ამოძრავებს შტრეიკბრეხერებს? მხოლოდ და მხოლოდ სოციალური პარაზიტიზმი. შტრეიკბრეხერები ცდილობენ უშრომელად მიიღო სარგებელი. ცნობილი ფაქტა, რომ გაფიცვისას შტრეიკბრეხერის საქმიანობა ან დაბალ ნაყოფიერია, ან საერთოდაც სრული სიმულაციაა, რადგან უმუშევართაგან და დეკლასირებული ელემენტებისაგან რეკრუტირებულ შტრეიკბრეხერებს ხშირად არათუ სათანადო კვალიფიკაცია, არამედ სამუშაოს შესასრულებლად საჭირო ცოდნაც კი არ გააჩნიათ. შტრეიკბრეხერი არად აგდებს უცილობელ ფაქტს, რომ კონცენტრირებული სოციალური ძალა მას მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზეზის გამო უგდებს მოწყალებას, რომ მომავალში ეს მოწყალება, უკვე მრავალგზის გაზრდილი უკანვე დაიბრუნოს. შტრეიკბრეხერი სოციალურად უპასუხისმგებლო ელემენტია. როგორც წესი „ძლიერთა ამა სოფლისათა“ მხრიდან შტრეიკბრეხერთა მიმართ გამოჩენილი მოწყალება ხანმოკლეა და არანაირად არ ახდენს ამ სულმოკლე უგვანთა რელური პრობლემების მოგვარებას. მოწყალება მალე თავდება და შტრეიკბრეხერები კვლავ რჩებიან პრობლემების წნეხის ქვეშ.
თავად შტრეიკბრეხერები არ არიან სოციალურად ორგანიზებულნი, რადგან მათ ურთიერთ მიმართაც კი არ გააჩნიათ სოციალური პასუხისმგებლობა. ეს ფაქტი კი გაფიცულებს ნათლად აჩვენებს რომ შტრეიკბრეხერი ის სოციალური ძალა არ არის, რომელსაც შეუძლია რამე დააკლოს გაფიცვას, თუ ის პროფკავშირად დარაზმული მუშების მიერ არის ორგანიზებული, კოორდინირებული და სოლიდარულია სხვა მუშათა მხრიდან. გაფიცვა და გაფიცული მართალია თავის ქმედებაში და შესაბამისად ძლიერიც არის ნებისმიერ შტრეიკბრეხერთან მიმართებაში.
პროფკავშირად დარაზმული მუშა სოციალური პასუხისმგებლობის ნათელი მაგალითია. გაფიცვა და გაფიცული, პროფკავშირით ავანგარდში ძალმოსილია თავისი აქტიურობით დაამარცხოს შტრეიკბრეხერთა ძირგამომთხრელი ქმედებები და დაიცვას მუშების სოციალური, შრომითი, მატერიალური და პროფესიული უფლებები და ინტერესები.
დავით არაბიძე