გადასახადიც სოციალურად სამართლიანი უნდა იყოს

გადასახადებს ქვეყნის ეკონომიკური, სოციალური და კულტურული განვითარების სტრატეგიაში პირველი ხარისხის მნიშვნელობა გააჩნიათ. თითქმის მეოთხედი საუკუნეა, რაც გადასახადებმა საქართველოში მკვეთრად გამოხატული სოციალური უსამართლობის სახელი დაიმსახურეს და მშრომელთა დისკრიმინაციის ხელშემწყობ ფაქტორად ჩამოყალიბდნენ. თუ საზოგადოებაში შექმნილი პროდუქტი სოციალური სამართლიანობის პრინციპის დარღვევით ნაწილდება, მაშინ ამ საზოგადოებაში მშრომელთათვის ღირსეული ცხოვრებისა და განვითარების უფლება ყოველდღიური ბრძოლის საგანია.

ქვეყანაში მომხდარმა დეინდუსტრიალიზაციამ მშრომელთა ხელფასებისა და სხვა შემოსავლების დაცემა გამოიწვია და ეს შემოსავლები დღესაც ძალზე მიზერულია, შესაბამისად მშრომელთა ცხოვრების დონის განსაზღვრაში სახელმწიფო ბიუჯეტისა და საგადასახადო პოლიტიკის მნიშვნელობა განსაკუთრებით მაღალია. მოქმედი საგადასახადო შემოსავლების სტრუქტურის ანალიზი აჩვენებს, რომ მისი დიდი ნაწილი ყალიბდება ირიბი გადასახადების მეშვეობით და მათგან ყველაზე მნიშვნელოვან არის გადასახადი დამატებით ღირებულებაზე, რომელიც საქართველოში 18%-ან ნიშნულზეა. დამატებითი ღირებულების გადასახადი პირდაპირ ზემოქმედებას ახდენს ფასებზე, ასევე იგი დიდ როლს თამაშობს, ფიზიკურ პირთა საშემოსავლო გადასახადთან ერთად, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების ფორმირებაში. დამატებითი ღირებულების გადასახადი პირველ რიგში მშრომელთა გადასახადია.

მოქმედი საგადასახადო სისტემა ღარიბთა გამრავლებას ემსახურება, იგი ხელს არ უწყობს მშრომელთა მსყიდველობითი უნარიანობის ზრდას, ახდენს ფულადი შემოსავლების სოციალურად უსამართლო დიფერენციაციას. ამ საგადასახადო სისტემის დამსახურებაა, რომ ქვეყანაში მოხდა მდიდართა და ღარიბთა ეკონომიკების ფორმირება. მდიდართა ეკონომიკის სიკეთეები მიუწვდომელია ღარიბთათვის, ხოლო ღარიბთა ეკონომიკის სიკეთეებით შესაძლებელი ხდება ინფლაციური პროცესების განვითარება.

საგადასახადო სისტემა უნდა შეიცვალოს არა მხოლოდ მორალური და სოციალური პრინციპებიდან გამომდინარე, არამედ ეკონომიკური პროცესების ეფექტური ორგანიზების, ეკონომიკური საქმიანობის სტიმულირების მიზნითაც.

ქვეყნის ბიუჯეტის შევსებაზე არსებით ზეგავლენას ახდენს გადასახადი მოგებაზე (კორპორატიული გადასახადი). ეს გადასახადი, თავისი წესებითა და პარამეტრებით სახელმწიფოს ხელში საიმედო ინსტრუმენტია, რომლითაც მას შეუძლია შიმუშავოს ეფექტური მიდგომები ეკონომიკის ამ თუ იმ დარგისადმი, მოახდინოს საინვესტიციო პოლიტიკის საჭირო მიმართულებით აქტივიზაცია.

საგადასახადო შეღავათებით, როგორიცაა მაგალითად დაჩქარებული ამორტიზაცია, საგადასახადო კრედიტი შეიძლება საინვესტიციო საქმიანობის სტიმულირება. ზოგადად მოგებაზე გადასახად არ უნდა იყოს დაბალი, დაბალი უნდა იყოს გადასახადი დამატებით ღირებულებაზე, რაც რეალურად ქმნის სტიმულს ინვესტორისთვის  ნანახი მოგება წარმოების მოდერნიზაციისკენ წარმართოს, ეს შეღავათი ძალზე ეფექტურია გადამამუშავებელ მრეწველობაში. შეღავათები გადასახადებში ეკუთვნით იმ კონკრეტულ საწარმოებს, რომელნიც ახორციელებენ ეფექტურ სოციალურ პროგრამებს.

ოფშორული ზონებისა და იქ გატანილი ფინანსური კაპიტალის საკითხი სოციალურ სამართლიანობაზე ორიენტირებული  სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან სპეციალურ ანალიზს საჭიროებს და იგი განსაკუთრებულად უნდა იქნეს განხილული.

დღეს მოქმედი საგადასახადო სისტემა ვერ წყვეტს საზოგაების წინაშე არსებულ ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ გამოწვევებს. იგი სოლიდარიზმის პრინციპის საფუძველზე უნდა გარდაიქმნას.

მათთვის ვისთვისაც მნიშვნელოვანია საციალური სამართლიანობა შეიძება შეთავაზებულ იქნეს მაკონსოლიდირებელი პოზიცია:

  1. საგადასახადო შემოსავლების საერთო სტრუქტურაში დაიწყოს ირიბი გადასახადების წილის დაწევა პირდაპირი გადასახადების წილთან მიმართებაში;
  2. პროდუქტებსა და მომსახურებაზე, რომელთაც დაბალშემოსავლიანი ადამიანების სიცოცხლის უზრუნველყოფაში გადამწყვეტი მნიშვნელობა გააჩნია, მოხდეს მათ მიმართ დამატებითი ღირებულების გადასახადის შემცირება;
  3. დაწესდეს გადასახადების პროგრესული შკალა, ხოლო იმ შემოსავალზე, რომელიც ადამიანს არ უზრუნველყოფს მინიმალური სამომხმარებლო ბიუჯეტით,მოხდეს გადასაახადების სიმბოლურ დონემდე დაწევა;
  4. დაწესდეს ინვესტიციებსა და ინოვაციებზე საგადასახადო შეღავათები, ხოლო აიწიოს გადასახადი მოგებაზე, გარდა იმ საწარმოებისა, რომლებიც ეწევიან ეფექტური სოციალური პროგრამების განხორციელებას;
  5. დაწესდეს რეალური გადასახადი ფინანსურ ოპერაციებზე ( ტობინის გადასახადი), რათა არ მოხდეს ფინანსური „საპნის ბუშტების“ შექმნა და დაცული იქნეს ქვეყნის საფინანსო ბაზრის მდგრადობა.

აღნიშნული პოზიცია ზოგად პრინციპულ ხასიათს ატარებს, ხოლო გადასახადების კონკრეტული ნიშნულები, მათი შკალა, შეღავათების მოცულობა და სხვა უნდა დადგინდეს სოციალური სამართლიანობის მხარდამჭერი სამოქალაქო საზოგადოების წევრთა შორის დიალოგით და უნდა მოემსახუროს კონკრეტული ეკონომიკური, სოციალური და კულტურული ამოცანების ეფექტურ გადაწყვეტას.  ეს დააბალანსებს საზოგადოებაში კერძო და საზოგადო ინტერესებს,  სოციალურად სამართლიანი გადასახადებითხელიშეეწყობა ადამიანის სოციალური უსაფრთხოების სისტემის განვითარებას საქართველოში.

დავით არაბიძე